ქონების დეკლარაცია

 

საქართველოში ქონების გადასახადი მიეკუთვნება ადგილობრივ გადასახადს, ის არ არის  საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, თუმცა ქონების გადასახადის გადახდა კანონით არის სავალდებულო.

 
ქონების გადასახადის გადამხდელია:

• რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია
• არარეზიდენტი საწარმო
• ფიზიკური პირი

ქონების გადასახადს ადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ფიზიკური  პირებისათვის და  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით.

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

•    მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
•    სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
•    მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირი ყოველთვის არ არის ვალდებული წარადგინოს ქონებრივი დეკლარაცია.

ჩვენ გთავაზობთ საქართველოში ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს,  დეკლარაციის მომზადებას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და საგადასახადო ორგანოში წარდგენას.